X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ოზურგეთს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტის ახალი საჩოგბურთო კომპლექსი

5 სექტემბერი 2024

„ოზურგეთს უკვე საერთაშორისო სტანდარტის საჩოგბურთო კომპლექსი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გეგმაზომიერად  განვითარდა - კომპლექსის მშენებლობასთან ერთად, მოეწყო გზა, სანიაღვრე სისტემები და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურა. ჩოგბურთის ახალი კორტები აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას პასუხობს და თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ისე ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც აქ ნამდვილად საუკეთესო პირობები დახვდება,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ  ოზურგეთის ახალი საჩოგბურთო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნებით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

მინისტრის თქმით, საჩოგბურთო კომპლექსი აღჭურვილია ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებით და ყველა პირობაა შექმნილი ქალაქში და რეგიონში ჩოგბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.

ჩოგბურთის ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისა და პარკირებისთვის.

ოზურგეთის ახალ საჩოგბურთო ცენტრში პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები შეძლებენ როგორც ვარჯიშს, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. 

პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2,275,044 ლარი შეადგინა.